გადასასვლელი ხიდები და მიწისქვეშები ურბანულ გარემოში

ქალაქში ქვეითზე მორგებული ურბანული გარემოს შექმნისკენ უკვე მრავალი ქალაქი დეკლარირებულად მიიწევს წინ. პირველ რიგში კი ეს ეხება ავტომობილებს და მათი გამოყენების შეზღუდვას, იქნება ეს გზების შევიწროებით, სამანქანო მოძრაობის სიჩქარის თუ პარკინგის შეზღუდვით, ქმნიან მეტ ღია სივრცეებს, საფეხმავლო ქუჩებსა თუ მოხერხებულ და რაც მთავარია, ბარიერისგან თავისუფალი ქუჩის დონის უსაფრთხო გადასასვლელებს. 
რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიამ საჯარო პრეზენტაციაზე წარმოადგინა ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ხედვა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხით მოსიარულეთა შესახებ ძალიან მოკლედ იყო ნახსენები (საერთოდ უგულვებელყოფილი იყო უსაფრთხო და ფიზიკური ბარიერისგან თავისუფალი ქუჩის დონის გადასასვლელების თუ ტროტუარზე პარკირების ერთხელ და სამუდამოდ აკრძალვის საკითხი) უდავოდ პოზიტიურ ნიშნად იქნა აღქმული ქალაქში კერძო საავტომობილო ტრანსპორტის შეზღუდვისა და საზოგადოებირივი ტრანსპორტის განვითარების შესახებ გაკეთებული განცხადება, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გულისხმობს ფეხით გადაადგილების წახალისებას, მით უმეტეს, რომ ამას ქალაქის ხელმძღვანელობას სულ მალე, მათ მიერვე უკვე მოწონებული მიწათსარგებლობის გეგმაც დაავალდებულებს. 
თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს ქალაქის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ სრულად ვერ იაზრებს პრობლემის არსს და ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში რკინის საფეხმავლო ხიდები ყველა ფორმით ზედმეტია. 
რამდენიმე მიზეზი, რატომ: 
· მათი ძირითადი ფუნქცია არა ქვეითთა გზაზე უსაფრთხოდ გადაყვანა, არამედ მანქანების ნაკადის დაუბრკოლებლად გატარებაა და შესაბამისად, ცალსახად, კერძო ავტომობილზე მორგებული ინფრასტრუქტურის ნაწილია, რაც არათუ შეზღუდავს მანქანის გამოყენებას, არამედ, პირიქით, უფრო წაახალისებს მას; 
· ეს ხიდები, არა მხოლოდ ესთეტურად მახინჯი, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა, რადგან უხარისხოდაა გაკეთებული და დიდია ალბათობა ადამიანს წვიმიან ამინდში კიბეზე ფეხი დაუცურდეს და სიმაღლიდან ჩამოვარდეს. ამასთანავე, სრულიად იგნორირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საბავშვო ეტლიანი მშობლებისა თუ ხანშიშესული მოსახლეობის საჭიროება; 
· ფინანსურად გაუმართლებელია ახალი არქიტექტურული პროექტების დამუშავებაზე და ტექნიკურად უფრო დახვეწილი, თუნდაც ადაპტირებული საფეხმავლო ხიდების მშენებლობასა და შემდგომ მათ მოვლა პატრონობაში ბიუჯეტის ფულის ხარჯვა, იმის ფონზე, რომ ქუჩის დონის გადასასვლელის მოწყობა ერთი შეხედვითაც უფრო იაფი დაუჯდება ქალაქს და ფეხით სიარულისთვის მიმზიდველ გარემოს შექმნის; 
· უკვე არსებობს იმის გამოცდილება, თუ როგორ გადაიყარა ასიათასობით ლარი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში ლიფტის დამონტაჟებაზე, რომელიც მალევე გამოვიდა მწყობრიდან და ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც მათზე ბიუჯეტის ფული დაიხარჯა (მაგ., ვაკის პარკი, გადასასვლელი ოპერასთან); ამ პრობლემის მოგვარება კი მარტივად იქნებოდა შესაძლებელი შუქნიშნით რეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელით; 
· საქართველოს მთვარობის მიერ რამდენჯერმე ღიად გაცხადებულ იქნა ტურიზმი, როგორც განვითარების პრიორიტეტული მიმართულება. როგორც წესი, დედაქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ქალაქის დათვალიერებას ფეხით გადაადგილებით არჩევს, ხოლო სრულად ავტომობილზე მორგებული ქალაქგეგმარება კი მათ გამოცდილებას საკმაოდ არასასიამოვნოს ხდის. ამასთან, არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ზოგადად ფეხით მოსიარულე პირები ახდენენ ქუჩის დონეზე განლაგებული მცირე ბიზნესების წახალისებას და ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. 
· თუკი ქალაქის ხელმძღვანელობა აირჩევს ახალი საფეხმავლო ხიდების მშენებლობას, იგი წინააღმდეგობაში მოვა საკუთარ თავთან და იმ განცხადებასთან, რომლის მიხედვით, კერძო ავტომობილების გამოყენების შემცირებას ისახავს მიზნად, რადგან ეს გზა, სწორედ რომ ამის საპირისპირო შედეგს გამოიღებს. 
შესაბამისად, მოვითხოვთ, ქალაქის ხელმძღვანელობამ შეასრულოს მის მიერვე გაცხადებული პირობა ქალაქში ავტომობილის გამოყენების შემცირების შესახებ და სრულად ჩაანაცვლოს ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში არსებული საფეხმავლო ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები ზებრებითა და შუქნიშნით რეგულირებული გადასასვლელებით.