წარწერები თბილისის ქუჩებში (ნაწილი 2)

 

წინა ბლოგპოსტი წარწერები თბილისის ქუჩებში (ნაწილი 1)  საჯარო სივრცეში მოყვარულების დაწერილ ფრაზებს და სიტყვებს ეხებოდა, ამჯერად პროფესიონალებზე ვიწყებ წერას.

E R R O R

საზოგადოებრივ სივრცეში მომუშავე არტისტებს ხშირად ეკითხებიან: რატომ არის ის რასაც ისინი ქუჩაში წერენ ხელოვნება? პასუხი ერთი მხრივ მარტივია, მეორე მხრივ, იმ ადამიანებმა რომ გაიგონ რისი თქმა მინდა, ვინც ამ შეკითხვას სვამს, არც ისე მარტივი გამოდის. ალბათ ხელოვნების მაგიაში გასარკვევად სამუშაო პროცესზე და შედეგზე დაკვირვება გამოდგება.

ქუჩის წარწერების შემთხვევაში სიტყვა/ტექსტი არის ფორმა, რომელსაც არტისტი მიმართავს საკითხის დაყენებისთვის, პრობლემის სიმწვავის საჩვენებლად, კონცეპტის გადმოსაცემად, იდეის გამოსახატად... - საზრისის გადმოცემის პროცესს, რომელსაც არტისტი ნამუშევრის შექმნამდე გადის, შეგვიძლია როგორც გვინდა ისე დავარქვათ. მთავარია თვითონ პროცესი: არტისტი ან გრძნობს, ან რაციონალურად იაზრებს მისთვის მნიშვნელოვან საზრისს (შეიძლება ორივე ერთადაც) და იწყებს ფორმის ძებნას (ესეც ინტუიტურად ან რაციონალურად). იქამდეც კი მიდის რომ სპეციალურ შრიფტს ქმნის კედლებზე წარწერებისთვის... ასეთი სტრიტარტ პროექტია მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის http  და „საშინაო დავალება“, რომელიც საგამოფენო სივრცეების გარდა საჯარო სივრცეშიც გამოჩნდა.

მარიამის და დეთუს წარწერები ადგილის და კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური კონტექსტის კვლევაზეა დამყარებული. ოღონდ ეს ის კვლევა არ არის სამეცნიერო ნაშრომები რომ უნდა წაიკითხო... ინფორმაცია, რომელიც კულტურულ კონტექსტში არის მოცემული სხვადასხვა სახისაა: დაწყებული აბსტრაქტული ცნებების გაგებიდან, ღირებულებებიდან, მითებიდან - დამთავრებული გენდერული თემებით,  ქუჩაში გამვლელების ყოველდღიური პრობლემებით, მიტოვებული მშენებლობებით, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა არქიტექტურული კომპლექსებით და მათში მიმდინარე ბუნებრივი და ხელოვნური პროცესებით, რელიგიური ან პოლიტიკური ფანატიზმით, გაყიდული მიწებით, ინვესტორების ქცევით და ქალაქის ლანდშაფტში კერძო ინტერესებით შეტანილი ცვლილებებით...

რაც უფრო ზუსტია შერჩეული ფრაზა/სიტყვა, რაც უფრო კარგად არის ის მორგებული გარემოზე, რომელშიც წარწერა გაკეთდა, მით უფრო დიდია კონტექსტის კვლევის სიღრმე... მთავარი ისაა რომ მარიამის და დეთუს წარწერები არ გამძიმებს კვლევის ლაბირინთებით, უამრავი ადამიანის ხმებით, რომელიც ამ სიტყვების მიღმა იმალება. ეს წარწერები გაძლევს მინიშნებებს რომ იფიქრო. მნახველი „იწამლება“ სიტყვებით, რომლებსაც კითხულობს და იაზრებს მოცემულ კონტექსტში. ის ისეთ რამეზე იწყებს ფიქრს, რაზეც აქამდე ყურადღებას არ ამახვილებდა. ამ მომენტში მნახველი აღარ მიყვება ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივ დინებას, სტანდარტული რიტმიდან ამოვარდება და იღვიძებს. თვითონაც იწყებს კონტექსტზე დაკვირვებას ინტუიტურად ან რაციონალურად...  სიტყვა/ფრაზა მისთვის ხდება ჯადოსნური გასაღები.

დელისიდან ლისის ტბაზე ადრე საბაგირო ადიოდა. საბაგიროს ქვედა პუნქტმა დიდი ხანია ფუნქცია შეიცვალა და პოსტსაბჭოთა მოთხოვნების შესაბამისად გადაკეთდა. სადგურებს შორის დამაკავშირებელი ბაგირი სადაც იყო გაჭიმული, იქ მაღლივი შენობები ააგეს, ამიტომ ზედა სადგურს ამუშავების პერსპექტივაც აღარ აქვს. უფუნქციოდ დარჩენილ შენობაზე მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ დაწერეს E R R O R. შენობის მთელი ისტორია ერთ სიტყვაში შეიკუმშა.

 

კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება და ამისთვის ისეთი ფორმის მოძებნა, რომ კონცეპტი ნათლად იყოს გამოხატული არც ისე იოლია.  მარიამ ნატროშვილმა და გვანცა ჯიშკარიანმა სახელმწიფოში  საპატრიარქოსადმი არსებული დამოკიდებულების კრიტიკისთვის ციფრების ენა გამოიყენეს. 25000000 - ამ წარწერამ სკანდალი და დიდი აურზაური გამოიწვია. სიმართლე ის არის, რომ ეს უბრალოდ წარწერაა, აურზაური კი იმ მდგომარეობამ გამოიწვია, რომელზეც წარწერა მიგვითითებს. არტისტების ამ პროექტმა ბევრად უფრო დიდი ყურადღება მიიქცია ვიდრე სხვა ნამუშევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ქვეყნის დღევანდელ პრობლემას ეხებოდა. ერთ-ერთი ასევე ინსტიტუციების კრიტიკისკენ მიმართული პროექტი იყო მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარი - პრეზიდენტის სასახლის წინ მოწყობილი ინსტალაცია განმეორებადი ტექსტით: MESSAGE EXPIRED OR NOT AVAILABLE. ინგლისურის არცოდნას ვერ დავაბრალებთ იმ ამბავს, რომ პრეზიდენტის სასახლეში მესიჯს არ მიაქციეს ამხელა ყურადღება როგორც 25 000000-ს. უბრალოდ ქვეყანაში უფრო მწვავედ სხვა საკითხი დგას...

ერთდგან კედელზე წერია „ლიბერალიზმი, დემოკრატიული ღირებულებები, გენდერული იდენტობა“ ვიღაც ალბათ ფიქრობს ნეტა რას ნიშნავსო, სხვას აქედან რომელიმე ცნება აეკვიატება და რამდენიმე წუთით ამოაგდებს ჩვეული ფიქრების კალაპოტიდან....

Popiashvili-Gvaberidze Window Project-ის ვიტრინაში ეწერა „ხვალ“ (პროექტი „საშინაო დავალება“) - ვითომ იმიტომ რომ საქმის ხვალისთვის გადადება გვიყვარს? ან იმიტომ რომ ხვალ რაღაცას ველოდებით და არასდროს არ დადგა ხვალ? ან იქნებ „ხვალ“-ის იმედი გვაქვს? ხვალ კარგია...

ერთ-ერთი წარწერა ლომბარდის მანათობელ ეკრანზეც ციმციმებდა წითლად: „ძალაუფლება“. კონტექსტიდან და სიტყვის საზრისიდან გამომდინარე ასოციაციების კორიანტელია: ფულია ძალაუფლება? ფულია ძალაუფლება... რატომ არის? ვითომ არის?

ავტორებმა პატარა გამოკითხვა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ  წარწერა „დრო“ (პროექტი „საშინაო დავალება“)  ვარდების მოედანზე, უზარმაზარ ბილბორდზე, გამვლელებისთვის სულ სხვადასხვა ასოციაციას იწვევდა. ზოგი პოლიტიკურ კონტექსტში იაზრებდა სიტყვას, ზოგი ფილოსოფიურად, ზოგი სვამდა შეკითხვას: რა არის ეს და რატომ წერია აქ? დრო... - და მერე რა? ადამიანები როცა ამ შეკითხვებს სვამენ ავიწყდებათ მთავარი, ყველაზე დამაბნეველი შეკითხვა: რატომ არის ეს ხელოვნება? ან არის თუ არა ეს ხელოვნება? ისინი უბრალოდ მოცემულ „გასაღებზე“ და კონტექსტზე ფიქრობენ... გადაახტებიან ბარიერს და პირდაპირ აღქმის პროცესში ერთვებიან. იმიტომ არის ეს ხელოვნება, რომ „გასაღები“ კონტექსტს ერგება, სიტყვა ახალ შეკითხვებს ბადებს და რუტინული ცხოვრების რიტმიდან სხვაგან გადაყავს ადამიანები.

ქუჩის წარწერების შესახებ პირველ ბლოგპოსტში რაზეც იყო საუბარი ამ რეალობის ანარეკლებია, თითოეული ადამიანის ხმა, მომენტალური ემოციები, ყოველდღიური საუბრები... არტისტების წარწერებში ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამეა გათვალისწინებული, საზრისი, ფორმა და კონტექსტი ერთად მუშაობს გამვლელებზე, რაც ამ წარწერებს ხელოვნებად აქცევს.

გაგრძელება იქნება... 

 

ავტორი:  მარიამ ლორია