• 01 Nov 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

განცხადება ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით

22 ოქტომბერს, ქვეითთა უდიდესი შიში ქუთაისში გამართლდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლი ზებრა გადასასვლელზე ორ ახალგაზრდა ქვეითს დაეჯახა. საბედნიეროდ 15 წლის ახალგაზრდები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა მიიღეს სხეულის დაზიანება, ხოლო მათ გამოჯანმრთელებას საკმაო დრო დასჭირდება. ეს ყველაფერი კი მოხდა ზებრა გადასასვლელზე, სადაც ქვეითები უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ.  

სოციალური ქსელში ფართოდ გავრცელდა შემთხვევის ამსახველი კადრები, რადგან  ყოველდღიურად, საქართველოს ყველა ქალაქში, თითოეულ ჩვენგანს იგივე საფრთხე ემუქრება. მძღოლები ხშირად უგულებელყოფენ საგზაო ნიშნებსა და მონიშვნებს, არ ემორჩილებიან სიჩქარის შეზღუდვებსა, არღვევენ ქვეითის უფლებას ისარგებლოს უპირატესობით ზებრა გადასასვლელზე. სამწუხაროდ, ყველა ამ დარღვევას უმეტეს შემთხვევაში არ მოჰყვება სათანადო რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან, არ ხდება სამართალდამრღვევების დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება. 

ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ შემთხვევაზე და საზოგადოების მომატებული ინტერესიდან გამომდინარე გააცნოს მას დამდგარი შედეგი. იარე ფეხით მოუწებს სამართალდამცავ ორგანოებს გაძლიერდეს ერთობლივი ძალისხმევა მძღოლთა ცნობიერების ამაღლების მხრივ, მუდმივად აღსრულდეს კანონი და დაჯარიმდნენ ის მძღოლები, რომლებიც მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველდღიურად საფრთხეში აგდებენ.  

სწორედ ამ მიზნით, 20 ნოემბერს ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის დღეს  იარე ფეხით, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები გამართავენ მსვლელობას, რუსთაველის გამზირზე. 

იარე ფეხით წევრობაზე დაფუძნებული ქვეითთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა გზას მიმართავს, რათა დაუბრუნოს საჯარო სივრცე მის კანონიერ მფლობელებს.