• 27 Dec 16
  • Posted by admin
  • 0 Comments

„იარე ფეხით“ ეხმაურება ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, ბარ-რესტორნების მიერ საჯარო სივრცეების მითვისების აღკვეთის შესახებ

იარე ფეხით მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ქალაქის ისტორიულ უბნებში გარე კაფეების მიერ უკანონოდ მოწყობილი კონსტრუქციების დემონტაჟის მოთხოვნის შესახებ, კერძოდ კი შარდენის და მისი მიმდებარე ქუჩების ტერიტორიაზე. გარე კაფეების მიერ ისეთი საფეხმავლო ქუჩების  მასიური მითვისება, როგორებიცაა შარდენი, ბამბის რიგი, რკინის რიგი, ერეკლე მეორე, ამტკიცებს რომ ქვეითებზე მორგებული უბნები მიმზიდველია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სოციალური ურთიერთობებისთვის და ტურიზმისთვის.

თუმცა, კაფეების ტერასების მაქსიმალურმა გაფართოებამ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ფეხით გადაადგილება  ქვეითთათვის დატოვებულ ვიწრო ბილიკებზე. ადგილობრივი თვითთმართველობის მხრიდან მონიტორინგისა და აღსრულების სუსტმა მექანიზმებმა, გამოიწვია ბიზნეს ინტერესის სასარგებლოდ საჯარო სივრცის ბოროტად გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულად დაკავება.

უკვე წლებია იარე ფეხით აქტიურად უჭერს მხარს ქვეითთა ძირითადი უფლებების აღდგენას საქართველოს ქალაქებში და მოითხოვს ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბრუნებას ადამიანებისთვის. ახლახანს, ორგანიზაციამ და ქვეითთა ასოციაციამ წამოიწყო „თბილისის მახინჯი ტურების“ საგანმანათლებლო ციკლი. ეს საფეხმავლო ექსკურსიები მოიცავს თბილისში ბოლო ათწლეულების მანძილზე უკონტროლო ურბანული პროცესებით დაზარალებულ მონაკვეთებს, სადაც საფრთხე ექმნება ქალაქის იდენტობას, კულტურულ მემკვიდრეობას და საჯარო სივრცეს. 2016 წ. ოქტომბრის მახინჯი ტურის ერთ-ერთი თემა სწორედ დაკარგული საჯარო სივრცეები და ბიზნესის მიერ ძველ თბილისში საფეხმავლო ქუჩების უკანონო მიტაცება გახლდათ.

იარე ფეხით მხარდაჭერას უცხადებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებას გარე კაფეების მიერ საზოგადოებრივი სივრცეების თვითნებური დაკავების აღკვეთის შესახებ. ჩვენ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს ურბანული სივრცეების, ქალაქის მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ შეცვლისკენ. იარე ფეხით და ქვეითთა ასოციაცია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს თბილისის მერიასთან ამ პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად და მოუწოდებს მას მიმართოს მსგავს ზომებს სხვა საფეხმავლო ქუჩებზეც, როგორიცაა მაგ. ტაბიძის ქუჩა.