ეკო იმპულსი

ბოლო წლების განმავლობაში, უფრო მეტად კი 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, მთელი მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დადგა. ეს პრობლემები დღითიდღე მწვავდება, თუმცა მილიარდობით ადამიანიდან, ძალიან ცოტა თუ ხვდება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ. არის ქვეყნები, რომლებშიც ხელისუფლებაც და საზოგადოებაც აცნობიერებს ეკოლოგიური კატასტროფების გარდაუვალობას და იღებს პრევენციულ ზომებს: უფრთხილდებიან ტყეებს, ებრძვიან ჰაერის დაბინძურებას, ითვისებენ მზისა და ქარის ენერგიას. სამწუხაროდ საქართველო არ შედის ამ ქვეყნების რიცხვში.

ქართულმა საზოგადოებამ ცოტა რამ იცის, იმ შედეგების შესახებ რომელიც გარემოსადმი წინდაუხედავ დამოკიდებულებას მოჰყვება. ჩვენ ვუშვებთ ტყეების გაჩეხვას, ბუნებრივი ლანდშაფტის რღვევას, ვაბინძურებთ ჰაერს გამონაბოლქვით, ვაშენებთ მაღალსართულიან შენობებს და ვეგებებით კომერციულ დაწესებულებებს სარეკრეაციო ზონების ადგილას. აღარაფერს ვიტყვი თითოეული მოქალაქის ცნობიერებაზე - ნაგავზე, რომელიც გვხვდება ქუჩებსა თუ დაუსახლებელ, გამწვანებულ ტერიტორიებზე. არც ბოლო წლების ბუნებრივი კატასტროფები აღმოჩნდა საკმარისი საზოგადოების გამოსაფხიზლებლად: ტყეები მაინც იჩეხება, კაშხლები მაინც შენდება და ქალაქი მაინც სავსეა გამონაბოლქვით და ნაგვით. გარემოსდაცვითი საპროტესტო აქციები არასდროს გამოირჩევა ხალხმრავლობით. საზოგადოების დიდი ნაწილი საკითხისადმი უბრალოდ ინდიფერენტულია. შესაბამისად, პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა მოქალაქეების  ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და ჩართულობის ზრდა. ხელოვნება კი ამ ყველაფრის მისაღწევად კარგი გზაა.  

უკვე მოეთხე წელია ორგანიზაცია „იარე ფეხით“ აცხადებს კონკურსს არტისტებისთვის, ურბანიზაციასთან დაკავშირებულ თემატიკაზე ინსტალაციების შესაქმნელად.    ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქვეითთა უფლებების დაცვაა, თუმცა, „იარე ფეხით“ ასევე აქტიურადაა ჩართული ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი სივრცეების და გარემოს დაცვის სამოქალაქო ინიციატივებში.

„იარე ფეხით“ წელიწადში რამდენჯერმე განათავსებს ქართველი არტისტების ნამუშევრებს საზოგადოებრივ სივრცეებში. პრობლემურ საკითხებზე მკაფიო მესიჯების მიწოდების გზით, ორგანიზაციის მიზანია, აღადგინოს კავშირი მოქალაქეებსა და ქალაქებს შორის. ამაზე მეტყველებს 2015 წელს წამოწყებული სახელოვნებო კონკურსის დასახელებაც „უარე ქალაქს“.  

ახალგაზრდა კურატორების, მარიამ წიქარიძის და მარიამ ლორიას ავტორობით, ორგანიზაციამ აშშ საელჩოს მხარდაჭერით წელს კიდევ ერთი სახელოვნებო პროექტი „ეკო იმპულსი“ განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა არსებული ეკო სისტემისადმი ცნობიერი პოზიციის დაფიქსირებას და არტ ობიექტის განთავსებით, საჯარო სივრცეში შემოქმედებითი მუხტის შეტანას. ამჯერად ინსტალაცია თბილისის ნაცვლად ქალაქ რუსთავში განთავსდა. კურატორების და ჟიურის გადაწყვეტილებით, ღია კონკურსის გამარჯვებული ლუკა ცეცხლაძე გახდა. 

რუსთავის პარკი

სანამ უშუალოდ ნამუშევარზე გადავიდოდე, მათთვის, ვინც არ არის ნამყოფი რუსთავის პარკში, მინდა ორი სიტყვა ვთქვა ამ ქალაქსა და  პავილიონად ქცეულ რეკრეაციულ ზონაზე. მას შემდეგ რაც რუსთავმა დაკარგა ინდუსტრიული ქალაქის როლი, ის თითქმის უფუნქციოდ დარჩა და იმ ცარიელი ნიშასავითაა, რომელსაც უამრავი გამოყენება შეიძლება მოეძებნოს. განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა კურატორებისა და ხელოვანების ამ ქალაქით დაინტერესება. ვფიქრობ, რუსთავს გააჩნია ყველანაირი პოტენციალი, შეითავსოს ამჯერად თანამედროვე ხელოვნების ცენტრის როლი. რუსთავის პარკი, სადაც „ეკო იმპულსის“ გამარჯვებული პროექტი განთავსდა, ტბის პირასაა გაშენებული და 30 ჰექტარზეა გადაჭიმული. პარკში შეხვდებით პატარა საბავშვო სათამაშო მოედანს, ძველ კაფეს, გარემო არ არის დაბინძურებული, ტბასთან მობილიზებულია სამაშველო სამსახური... საერთო ჯამში ეს პარკი ქალაქ რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია, თუმცა, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადგილს „რაღაც“ აკლია და ეს „რაღაც“ სწორედ ლუკა ცეცხლაძის სკულპტურები აღმოჩნდა.

„მამა, შვილი და მეზობელი“

 ოთხი სკლუპტურისგან შემდგარი ორი კომპოზიცია, ტბის პირას მდებარე სასეირნო ბილიკის გვერდითაა განთავსებული. სამი ლითონის ფერადი ქანდაკება, „მამა, შვილი და მეზობელი“, ხეების გარემოცვაში დგას და ქმნის მიმზიდველ და დასასვენებელ გარემოს. მეორე ინსტალაცია „რობოტი“, რომელიც ერთი წითელი ლითონის ქანდაკებაა, ოდნავ მოშორებით დგას და ერთდორულად აღიქმება როგორც დამოუკიდებელი ობიექტი და მთლიანი პროექტის ნაწილი. ფორმები, რომელიც არტისტის თქმით მანქანური სამყაროს, რობოტების, ურბანიზებული თანამედროვე კულტურის გამოძახილია, მომავლის რობოტი შინაური ცხოველების ასოციაციას ქმნის.

ლუკა ცეცხლაძე, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვანია. მისი ნამუშევრების ამოცნობა და ავტორთან ასოცირება საკმაოდ მარტივია -  განსხვავებული სტილის გამო. ეს სკულპტურები კი არტისტის ორგანზომილებიანი ნამუშევრების სივრცეში გადმოტანის წარმატებული ექსპერიმენტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქანდაკებები მეორადი, გადამუშავებული მასალითაა შექმნილი, რაც, კონკურსის „ეკო იმპულსი“ ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო.

ლითონის ფერადი ქანდაკებები ორგანულად ეწერება რუსთავის პარკში. ეს სკულპტურები შეიძლება გახდეს პარკის სახე, მიიზიდოს უფრო მეტი დამთვალიერებელი და მრავალფეროვნება შესძინოს პარკის რეკრეაციულ ფუნქიას. სკულპტურების სიახლოვეს დგას პატარა საინფორმაციო დაფა, რომლის დახმარებითაც დაინტერესებული პირები შეიტყობენ მეტს როგორც არტისტის, ასევე პროექტის შესახებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი ადამიანების რიცხვი დამთვალიერებლების რაოდენობის მხოლოდ ერთნიშნა პროცენტს შეადგენს, პროექტი უკვე შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.

პროექტების „უარე ქალაქს“ და „ეკო იმპულსი“  ავტორები და მონაწილეები, ხელოვნების საშუალებით, ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომლებიც მოსახლოების უმეტესობას უმნიშვნელოდ ეჩვენება. ვფიქრობ, რომ ამ პროექტებით მცირე დაინტერესებაც კი, მომავალში, აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებების ჯაჭვს, რომელმაც, ვინ იცის, იქნებ საქართველოც იმ ქვეყნების სიაში მოახვედროს, რომლებიც ფიქრობენ მომავალზე და გარემოსთან ჰარმონიაში ცხოვრობენ.

 

ავტორი - ანა გაბელაია