• 21 Sep 16
  • Posted by palinoia
  • Politics
  • 0 Comments

თბილისის მტერია

2016 წლის 25 აგვისტოს თბილისის მერიამ „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამა წამოიწყო.

ოფიციალური განცხადების თანახმად "ქალაქის მთავრობა მზადაა დააფინანსოს პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციის სხვადასხვა მეთოდების, კვლევებისა და ტრენინგების გზით სატრანსპორტო სფეროს თემატიკას მოიცავს: საგზაო უსაფრთხოებას, მძღოლებისა და ქვეითების მიერ მოძრაობის წესების დაცვას, პარკირებისა და ქვეითთა გადასასვლელების მნიშვნელობას, ველოსიპედებისა და ფეხითმოსიარულეების ბილიკების რეკლამირებას.“

გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა პროგრამაში და პროექტის ჩასაბარებლად დღეს (20.09.16) მერიის კანცელარიაში მივედით, რომელმაც დროებით კოსტავას 72 ნომერში გადაინაცვლა. გთავაზობთ ვიდეომასალას თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრიდან და გთხოვთ თავად შეაფასოთ მერიის მზაობა, უნარი თუ ქმედება იმისთვის, რომ ქვეითთა სასარგებლოდ გამოასწოროს მდგომარეობა ქალაქში.

22 სექტემბერს მსოფლიოს ყველა განვითარებული და შესაბამისად ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქი აღნიშნავს, „მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე“. ჩვენი ქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელიც პასუხისმგებელია ყველა ვიდეოში ასახულ დარღვევაზე, იმავე პათოსითა და სერიოზულობით, (როგორითაც ზემოხსენებულ პროგრამას აცხადებს) გვაცნობებს, რომ შეუერთდება აქციას და სამსახურში ფეხით მივა. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია სპორტის სასახლის უკან „ბეტონის ჯუნგლებში“ ცხოვრობს და თბილისის მერია კი სააკაძის მოედანზე მდებარეობს. თბილისის "მახინჯი ტურის" ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაცია "იარე ფეხით" სწორედ იმ მარშრუტს თავაზობს მონაწილეებს (როგორც ქალაქის სიმახინჯეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესოს "უკუღმართგეგმარების" ილუსტრაციისთვის), რომელსაც თბილისის მერი 22 სექტემბერს სავარაუდოდ პირველად გაივლის ფეხით.

წინასაარჩევნო იაფფასიანი აქიცები და პროგრამები არის დღევანდელი მერიის სახე, ხოლო ეს ვიდეო ასახავს შედეგს, რომელსაც ქვეითები ვღებულობთ მერიის უმოქმედობის გამო. თბილისის მერია - თბილისის მტერია!

მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს - დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ქვეითთა პრობლემების მოსაგვარებლად და შეწყვიტონ მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და შეურაცხყოფის მიყენება მსგავსი საჩვენებელი გამოსვლებით, პროგრამებითა და განცხადებებით, რომლებიც არ შეესაბამება მათ ნებას და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას. 

"იარე ფეხით"