პაNOრამა - დიდი გამოწვევა თბილისს

თბილისის ბოლო ათი წლის ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველაზე ხმაურიანად პანორამა თბილისის მშენებლობის იდეა გააპროტესტა ქალაქის მოსახლეობამ. პაNOრამას წინ უსწრებდა გუდიაშვილის ბაღი, ვაკის პარკი...  ზოგს შეიძლება ეგონოს ხელისუფლება გვყავს მეტად ლოიალური და იმიტომაც ხალხი თამამად იღებს ხმასო... სამწუხაროდ ეს არ არის მიზეზი. საყდრისის აფეთქების შემდეგ ხელისუფლებამ ჩვენი, ანუ მოქალაქეების ნდობა საბოლოოდ დაკარგა. „პანორამა თბილისი“ კი ბოლო ათი წლის კი არა, თბილისის დაარსების დღიდან, ქალაქის მასშტაბში და მის ლანდშაფტში ჩარევის უპრეცენდენტო, ვანდალური ფაქტია, რომელიც არ დასჯილა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა საქმის არ მცოდნემ, ის ქალაქის განვითარების უნიკალურ შანსადაც კი განიხილა. ინვესტორისთვის ღვთაების სადარი უფლებების მინიჭება კარგა ხანია ახასიათებს საქართველოს ხელისუფლებას (მიუხედავად მემარჯვენეობა-მემარცხენეობისა და ნაციონალობა-მეოცნებეობის). უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობაც ხშირად სიხარულით და იმედით უყურებს მატყუარებს, რომლებიც საზოგადოებრივ სივრცეს იტაცებენ. ამან გამოიწვია საზოგადოებრივი საკუთრებების გაყიდვა და კერძო ოლიგარქების, თვითმარქვია მეფეების და ე.წ. ბიზნესმენების ხელში გადასვლა. მიწების გაყიდვით ქვეყნის და ქალაქის ბიუჯეტში შემოსული თანხები ნამდვილად არ მოხმარებია მრავალსაუკუნოვანი ქალაქის უმძიმესი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა: კანალიზაციის სისტემა; სატრანსპორტო ქაოსი, გადატვირთული ქუჩები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშინელი მდგომარეობა; უკანონო მშენებლობები; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევა; მანქანების სადგომების არარსებობა; დაბინძურებული სასმელი წყალი; ჰაერის დაბინძურების უკიდურესი მაჩვენებელი; ქალაქში მწვანე საფარის განადგურების უამრავი ფაქტი; ძველი, ისტორიული ქალაქის მასშტაბების რღვევა და თბილისის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების გაქრობა...

ინვესტორმა, ქალაქის და ქვეყნის მმართველთა უმრავლესობამ (სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილმაც) ვერ გაიგო, რატომ აპროტესტებს „ეს ხალხი“ „პანორამა-თბილისის“ მშენებლობას მაშინ, როცა ქალაქის განვითარებაში პროექტის დამკვეთმა „საინვესტიციო ფონდმა“ მრავალი მილიონი ლარი ჩადო და მრავალი ათასი ადამიანი დასაქმდება მშენებლობაზეც, შემდეგ სასტუმროების, ბიზნეს ცენტრების მომსახურე პერსონალადაც. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვეცდები განვმარტო მიზეზები.  

რატომ ვაპროტესტებთ „პანორამა თბილისის“ მშენებლობას?

  • ქალაქის განვითარების პოლიტიკის არარსებობის გამო!

არ არსებობს ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა, მისი განაშენიანების პერსპექტივები... ამ საკითხზე ურბანისტები „პანორამა თბილისის“ გამოჩენამდეც საუბრობდნენ. ამ დროს ამხელა მასშტაბის (270.000 კვ.მ) მშენებლობის დაწყება როგორ შეიძლება? ჯერ არც კი ვიცით ქალაქი მთლიანობაში საით მიდის. მის გულში რამდენიმე უზარმაზარი პროექტი შენდება.

  • ქალაქში მიმდინარე გლობალური ცვლილებების გაუმჭვირვალობის გამო!

„პანორამა-თბილისის“ პროექტის მიხედვით თავისუფლების მოედანზე, ყოფილი „ცეკავშირის“ შენობის ადგილას, უზარმაზარი შენობა წამოიმართება ისე, რომ მის მომიჯნავედ მცხოვრები მოსახლეობა სამუდამოდ ემშვიდობება მზის სხივებს თავიანთი სახლების ფანჯრებში. რა თქმა უნდა, ამ მეგაპროექტის მშენებლობის შესახებ აზრი მოქალაქეებისთვის არ უკითხავთ. როდესაც მოსახლეობა უკვე დამტკიცებულ პროექტს გაეცნო და უკმაყოფილება გამოთქვა, გამოუცხადეს „ბევრს ნუ ლაპარაკობთ, ეგ საკითხი უკვე გადაწყვეტილიაო“. ევროპის ყველა ისტორიულ ქალაქში საჯარო განხილვები, ღია კონკურსები ეწყობა ამგვარი მშენებლობების დასაგეგმად და სანამ შესაფერის იდეას და პროექტს არ მიაგნებენ ქალაქის მცოდნე, კომპეტენტური სპეციალისტები, სანამ ის მოსახლეობისთვის მისაღები არ გახდება, მანამ არ იწყება მშენებლობა, თუნდაც ათწლეულები გავიდეს. აბა რანაირად გვექნება სოციალური პასუხისმგებლობა, თუ შესაძლებლობა არ გვაქვს, რომ საკუთარ სახლში მაინც ვიგრძნოთ თავი მესაკუთრედ?

  • იმის გამო, რომ კანონები მოუწესრიგებელი და გაუგებარია!

„პანორამა თბილისის“ მშენებლობა თითქმის კანონის დარღვევის გარეშე მიმდინარეობს! წარმოგიდგენიათ რა კანონებია ქვეყანაში, რომ ლანდშაფტის დაცვის ზონას უხმაუროდ უცვლიან სტატუსს?!... ინვესტორის ინფორმირებულობის და კეთილსინდისიერების იმედად ვართ, თორემ კანონი ვერაფერს იცავს - ვერც ლანდშაფტს, ვერც კულტურულ მემკვიდრეობას, ვერც საჯარო სივრცეს! ერეკლე მეორეს მოედანზე უნიკალური სახლები დაინგრა და მათ ადგილას კაცმა არ იცის რას ააშენებენ. არადა კალა ისტორიულ უბნად ითვლება! მერე რა რომ თბილისის ისტორიული ნაწილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არ არის. ის ჯერ კიდევ მოლოდინის სიაშია და შესაძლებელია UNESCO-ს კომისიამ მას ძეგლის სტატუსი კიდეც მიანიჭოს. სამწუხაროდ ბოლო წლების მანძილზე ქალაქის ისტორიული ნაწილი ისე დასახიჩრდა, რომ ბევრს აღარ აქვს ისტორიული თბილისის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესვლის იმედი. მაგრამ ხომ შეიძლება საკუთარ ქალაქს UNESCO-ს რეზოლუციების გარეშეც გავუფრთხილდეთ? არ უნდა გვქონდეს ჩვენი კანონები და რეგულაციები თხუთმეტსაუკუნოვანი ცოცხალი ორგანიზმის დასაცავად?

მშენებლობისთვის ახალი სტატუსის მინიჭების გამო პროექტი „პანორამა თბილისი“ სამინისტროს დაქვემდებარებაში ინაცვლებს... მოქალაქეებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე აჯერებენ, რომ ყველაფერი მათი კეთილდღეობისთვის კეთდება და იმასაც აჯერებენ, რომ ეს სიმახინჯეები არქიტექტურული შედევრებია და ქალაქი უფრო „ლამაზი იქნება“ მისი განხორციელების შემდეგ. სილამაზე და სიმახინჯე პირობითი ცნებებია, მაგრამ არსებობს ქალაქების განვითარების სტრატეგიები, მასშტაბური შეფარდებები, არქიტექტორთა დაწერილი და დაუწერელი კანონები, რომლებსაც არაფრად აგდებს „თანაინვესტირების ფონდი“. იმის მაგივრად, რომ განვითარების სტრატეგიების დასახვის პროცესში კანონი იცავდეს იმ ღირებულებეს, რომლებზეც ქართული კულტურა და მისი ბირთვი, თბილისი დგას, ისეთი ვანდალიზმი ხორციელდება, როგორიც სოლოლაკის ქედზე მრავალსართულიანი, გრანდიოზული სასტუმროს მშენებლობაა.

ამ მშენებლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ძველი შენობების დაცვისთვის ბრძოლა, ეს არის ქალაქის იდენტობის შენარჩუნების მცდელობა. რა არის კანონის ფუნქცია მაშინ, როდესაც ასეთი მცირე რაოდენობის ბაღების და გამწვანების, საჯარო სივრცეების არსებობასაც კი საფრთხეს უქმნის ერთი ადამიანის ან თუნდათ რაიმე ფონდის ახირება?

  • იმის გამო, რომ ქალაქის ძველი უბნების მასშტაბი კიდევ ერთხელ და უპრეცენდენტოდ ირღვევა!

პირველი სკოლის უკან აშენებული უზარმაზარი კორპუსის მერე, რომელმაც მთაწმინდა უამრავი ხედვის წერტილიდან შთანთქა, რამე თუ გაგვიკვირდებოდა რას წარმოვიდგენდით?! მაგრამ ქალაქის ერთადერთ ისტორიულ, ლოგიკურ დომინანტს - ნარიყალას - კერძო პირმა საკუთარი სასახლე და ე.წ. ბიზნეს ცენტრი დაუპირისპირა (ასეთი სიმბოლოები ქალაქის მომავალს განსაზღვრავს). თავისუფლების მოედანზე ოქროს ქანდაკება, გიგანტური მერიოტი და მასშტაბის კიდევ უამრავი უხეში დარღვევა თითქოს საკმარისი არ იყო, უზარმაზარი პლასტიკური მოცულობის ჩადგმა მოინდომა ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ (!) და სიამაყით გამოაცხადა ეს პროექტი ჩემი ახირებააო! ძველი თბილისის უნიკალური ხედები, შუშის ხიდის შემდეგ, ახლა უკვე დახურული საჰაერო გზებითაც გააოცებს თბილისის სტუმრებს. მოქალაქეებს, ადგილობრივ მკვიდრებს და მომავალ თაობებს კი შანსს მოუსპობს თბილისი, მისი ქუჩები და შენობები ოდესმე იმ მასშტაბით აღიქვან, რომელიც მის ლანდშაფტში ბუნებრივად ეწერება!

  • იმის გამო, რომ კერძო ინტერესებს ჩვენი ქალაქი ეწირება!

ლანდშაფტური დაცვის ზონის სტატუსი მოუხსნეს ყოფილ საზოგადოებრივ საკუთრებას და ესეც არ იკმარეს, სანამ სტატუსს მოუხსნიდნენ მანამდე დაიწყეს მშენებლობა! კანონი მაინც დაირღვა და არაერთხელ, მაგრამ ამაზე სახელმწიფო თვალებს ხუჭავს. ინვესტორმა თავისუფლების მოედნის მასშტაბებში უკვე მრავალწლიანი ჩარევები და დამახინჯება არ იკმარა, თბილისის თხუთმეტსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ხელშეუხებელ ლანდშაფტს მიადგა და ამპუტაცია გაუკეთა. ძნელია იმის მიხვედრა, რომ თუ ამ ქალაქში აპირებს ინვესტორი ცხოვრებას და იმ ბიზნესცენტრით სარგებლობას, მისი აშენების შემდეგ ეს უკვე ის ქალაქი აღარ იქნება, სადაც ფანტაზიას გასაქანი მისცა მისმა დაქირავებულმა „არქიტექტორმა“? რთულია იმის გაანალიზება, რომ სემირამიდას დაკიდული ბაღები იმიტომ იყო საოცრება, რომ ოაზისი იყო ხრიოკ ადგილას? - ესენი კი ბუნებრივ ლანდშაფტს, მწვანე საფარს ანადგურებენ, რომ ხელოვნური, ბეტონის ბაღები დაკიდონ. და ვინ ისარგებლებს მერე ამ ტერასებით? ვინ დატკბება თბილისის პანორამის მწვერვალებიდან? პრივილეგირებული ბიზნესმენები. მოქალაქეებს რად უნდათ ტკბობა... ჩვენ ჯობია მიწის ზევით ხელოვნურად შექმნილი კოჯრის გვირაბით ვისარგებლოთ.  „პანორამა თბილისის“ პროექტით ქალაქში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც უხეშად ცვლიან მის სახეს, განწყობას, სტრუქტურას. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამ მასშტაბების პროცესს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, ოდესმე გონს თუ მოვეგებით უკვე გვიან იქნება...

  • იმის გამო, რომ ქალაქს დაცვა სჭირდება უცოდინარი ხალხისგან!

პროექტის გასამართლებლად უცხოელ არქიტექტორებს ჰკითხეს აზრი, ისეთი ურბანისტების, არქიტექტორების და არქიტექტურის ისტორიკოსების აზრი არ გაითვალისწინეს, რომლებმაც მთელი თავიანთი სიცოცხლე, ცოდნა, გამოცდილება თბილისს მიუძღვნეს. წაიკითხეთ თუნდც ამ ორი საუკეთესო სპეციალისტის აზრი: მაია მანიას „თბილისი უიღბლო ქალაქია“ და ზურაბ ბაქრაძის „რატომ არ შეიძლება „პანორამა თბილისის“ განხორციელება“. მათი თანმიმდევრული და ლოგიკური მსჯელობა ნებისმიერ გონიერ ადამიანს დაარწმუნებს, რომ ეს პროექტი აბსურდია და დაუშვებელია მისი განხორციელება! „თანაინვესტირების ფონდის“ წარმომადგენლებსაც წაეკითხათ ნეტავ...

 

***

წლების მანძილზე თბილისი თითქოს გაღვიძებას ელოდებოდა. ქალაქი იტანდა მიშენებებს, ნგრევას, მოუვლელობას. გველოდებოდა როდის გამოვიჩენდით მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს დროც მოვიდა... ქალაქისთვის „პანორამა თბილისი“ ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მძაფრი გამოწვევაა! თითქოს უნდა გვიხაროდეს, რომ მოქალაქეები გავერთიანდით, შეკითხვების დასმა დავიწყეთ...

ერთ ბლოგპოსტში „პანორამა-თბილისის“ საწინააღმდეგოდ მომართული მოქალაქეების ყველა მიზეზი ვერ ჩაეტევა. შეიძლება რამე მნიშვნელოვანიც კი გამომრჩა. მაგრამ ვინც ამ საკითხზე დაიწყებს ფიქრს, ის სხვა მიზეზებს თვითონაც აღმოაჩენს. სამოქალაქო საზოგადოების  გამოღვიძება ალბათ მაშინ მოხდება, როცა მივაღწევთ, რომ მსგავსი პროექტების იდეებს სპეციალისტებთან და მოქალაქეებთან ერთად განიხილავს ქალაქის და ქვეყნის ხელისუფლება. ჯერ-ჯერობით ჯობია გამოწვევას ვუპასუხოთ და არ დავუშვათ, რომ ხმაც კი არ ამოვიღოთ არაპროფესიონალიზმის, უპატივცემულობის, უგულობის, წინდაუხედავობის, დაუდევრობის წინააღმდეგ!

 

ავტორი: მარიამ ლორია