როგორ აღიდგინოს ქვეითმა დარღვეული უფლება, თუ ამისთვის კანონიერი მექანიზმი არ იარსებებს?

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი სხვადასხვა საკითხთან ერთად არეგულირებს საგზაო მოძრაობის წესებს და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის შესაბამისად, საგზაო მოძრაობის მონაწილედ განისაზღვრება პირი - რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეითი - წარმოადგენს საგზაო მოძრაობის მონაწილეს და მისი უფლებებიც ისევე უნდა იქნას დაცული, როგორც მძღოლის ან მგზავრის. შესაბამისად, ქვეითისთვის მოძრაობის შეზღუდვა/შეფერხება ან/და რაიმე სხვა ფორმით უფლების დარღვევა, ისევე უნდა ითვალისწინებდეს პასუხისმგებლობას, როგორც საავტომობილო მოძრაობის შეფერხებისას.

ხსენებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ კეთდება მითითება იმის შესახებ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ ადგილზე დგომა, სადაც არ არის ნებადართული, მხოლოდ მაშინ უნდა დაექვემდებაროს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას სპეციალურ ავტოსადგომზე, თუ “სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საავტომობილო მოძრაობას, ან ქმნის საცობს“. კანონში კონკრეტდება, რომ „საავტომობილო“ მოძრაობის და არა ფეხითმოსიარულეთა შეფერხების შემთხვევაში ხდება ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა” (ამონარიდი კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან გვ.2) - ეს კი პირდაპირ ლახავს ქვეითის უფლებას.

ჩნდება კითხვა - როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ქვეითი ? ან როგორ მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა, თუ არ იარსებებს საკანონმდებლო დონეზე მისი დაცვის მექანიზმი? კანონპროექტის მიღების მიზანს, როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული - სასჯელის პარკირების წესების დარღვევის გამო სამართალდარღვევის კონკრეტიზაცია და პარკირების მომწესრიგებელი ორგანიზაციის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთა წარმოადგენს. კერძოდ, პარკირების წესების დამრღვევის მიმართ, კუთვნილი ავტომობილის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის შეზღუდვა. გამოდის, რომ კანონპროექტის მიზანი მძღოლის საკუთრების უფლების მეტად დაცვაა - ქვეითის უფლების დარღვევის სანაცვლოდ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ქვეითთათვის (ფეხით მოსიარულეთათვის) და ჩვენთვის, ქვეითთა უფლებადამცველთათვის.

6 დეკემბერს - კვირას, 14:00 საათზე მოქალაქეები და ორგანიზაციები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის 20 ნოემბრის ინიციატივას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც საფრთხის შემცველია. კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს საპირისპირო მიმართულებით და გამკაცრდეს სანქციები ავტომფლობელების მიმართ, რომლებიც მანქანას ტროტუარზე აჩერებენ.