საჯარო სივრცის ფორმირება აქ და იქ: რატომ მოხვდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მეტროში სარეკლამო ბანერების ადგილას ხელოვნება?

 

 თანამედროვე ხელოვნება სრულიად მოულოდნელ ადგილას შეიძლება შეგხვდეს. დღეს საკმაოდ აქტუალურია საჯარო სივრცეში ხელოვნების წარდგენა. მსოფლიოს ბევრ ქალაქში მეტრო სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადგილია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „იარე ფეხით“ შევიდა ინიციატივით, რომ ქართველი არტისტების ექსპერიმენტული ნამუშევრები დროებით გამოეფინათ მეტროს სადგურებში, რაზეც პროექტის საორგანიზაციო ჯგუფმა უარი მიიღო. უარის სამართლებრივი ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.  

 ქალაქების ისტორია ყოველთვის იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან, ეს ურბანული კულტურის ნაწილია. განვითარებულ ქალაქებში საზოგადოებრივი სივრცის - ქუჩების, მოედნების, პარკების ინტერაქტიულ მოწყობაზე არქიტექტორები, ლანდშაფტის დიზაინერები ყოველთვის ფიქრობდნენ. დღეს კი საჯარო სივრცის ადამიანების სულიერ და ესთეტურ მოთხოვნებზე მორგება თანამედროვე ქალაქგეგმარების ცენტრალური იდეაა. მეტროც არ არის გამონაკლისი.

Caís Do Sodré მეტროს სადგური, ლისაბონი , პორტუგალია.

(Caís Do Sodré მეტროს სადგური, ლისაბონი , პორტუგალია.)

საინტერესოა, რომ მეტროს სადგურები ისეთ ქალაქებში როგორიცაა პარიზი, ნიუ იორკი, ნეაპოლი, ბუდაპეშტი, შანხაი, სტოკჰოლმი, ლისაბონი და ა.შ. მუდმივად ვითარდება. საზოგადოებრივი სივრცე ყოველთვის საზოგადოებასთან ერთად იცვლის სახეს. ის არ არის სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც ხელშეუხებელი დარჩება სამუდამოდ.  ბევრ ადამაინს კედლებზე ახალი დროის კვალის დატოვების სურვილი უჩნდება. მეტროთი ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება და შესაბამისად ამ სივრცის სწორი გამოყენებით, შეიძლება მოქალაქეებს ხმა მიაწვდინო, თანამედროვეობაში არსებული პრობლემები, სიახლეები აჩვენო. სანამ სახელმწიფო ამ შესაძლებლობას დაინახავდა, მსოფლიოს მეტროს სადგურებში კედლებზე წარწერები, ნახატები დამოუკიდებლად გაჩნდა. განსაკუთრებით ბოლო წლებში  მეტროს სადგურებში ხელოვნების რეპრეზენტაციის თანამედროვე ფორმები და  თანამედროვე ხელოვნება გამოჩნდა. ეს ერთის მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას უფრო სახალისოს ხდის, მეორეს მხრივ, მეტრო ტურისტულ ატრაქციონად იქცა. თურმე ხულიგნებსაც ნაკლებად უჩნდებათ ასეთი საზოგადოებრივი საკუთრების დაზიანების სურვილი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გამოსავალი მოძებნეს:

პარიზის მეტროში ჰექტორ გიმარის მიერ დაპროექტებული სტილი მოდერნის Porte Dauphine სადგურში რომ ჩახვალ, იქ გრაფიტით დაფარული კედლები გხვდება. კედლების მოხატვა ვანდალიზმით დაიწყო, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველობამ ფეხი აუბა მოქალაქეებს და მთელი ჩასასვლელი სტრიტარტით დაიფარა. ლუვრის მუზეუმთან მეტროს გაჩერებაზე მუზეუმის ექსპონატების ასლებია გამოფენილი. გარდა იმისა, რომ ეს სანახაობა მოქალაქეების მგზავრობას ახალისებს, საგანმანათლებლო ფუნქციასაც ატარებს - ყველა ექსპონატს აქვს სატიტულო წარწერა, სადაც მითითებულია ხელოვნების ნიმუშის მონაცემები.

(KUNGSTRÄDGÅRDEN და VÄSTRA SKOGEN მეტროს სადგურები სტოკჰოლმში)

VÄSTRA SKOGEN , Stockholm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტოკჰოლმის მეტროს მსოფლიოში ყველაზე გრძელ გამოფენას უწოდებენ. 110 კილომეტრის სიგრძეზე 1950-იანი წლებიდან თანამედროვე ხელოვანების პროექტების ჩათვლით 150-ზე მეტი არტპროექტია განხორციელებული. 90 მეტრო სადგურში განაწილებულია სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, მოზაიკა, ფერწერა, ინსტალაცია, გრავიურა, რელიეფი. შვედეთის დედაქალაქში უყვართ ხელოვნება და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაში საკმაოდ დიდ ინვესტიციასაც დებენ. სტოკჰოლმში  მეტროში გრაფიტით კედლების მოხატვაზე საკმაოდ დიდი ფულადი ჯარიმაა დაწესებული. აქ კედლებს სპეციალურად შერჩეული ხელოვანები ხატავენ. მათ შერჩევაზე მეტროს და ქალაქის ადმინისტრაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმოამდგენლებთან ერთად მუშაობს.  ადმინისტრაცია მეტროს სადგურებს უვლის და უფრთხილედბა როგორც ხელოვნების ნიმუშს.

თბილისის მეტროს სადგურების არქიტექტურაც მიგვანიშნებს, რომ  საბჭოთა კავშირის დროსაც უფიქრიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეგნულ სახეზე. მაგრამ თბილისის მეტროს ბევრ სადგურში საბჭოთა არქიტექტურის სახეც არ არის შენარჩუნებული, გაუაზრებელ რემონტს და მოდერნიზაციას სადგურების ავთენტურობა შეეწირა. სწორედ იმ ადგილას, სადაც თბილისის მეტროში სარეკმალო ბილბორდებია განთავსებული, ნიუ იორკის და ნეაპოლის მეტროში სხვადასხვა არტისტების ნამუშევრებია გამოფენილი. რატომ არ ეთმობა თბილისის მეტროში ადგილი ხელოვნებას? რატომ არ არის საზგოადოებრივი ტრანსპორტი ის ადგილი, სადაც ხანგრძლივი მგზავრობა თანამედროვე ხელოვნებით, სხვადასხვა გასართობი და საგანმანათლებლო სანახაობებით იქნება შემსუბუქებული? ამის მიზეზი მცირე ბიუჯეტი ნამდვილად არ არის, რაშიც ორგანიზაცია „იარე ფეხით“ საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა.  

 

ავტორი : მარიამ ლორია