ქალაქი - სახიფათო სივრცე ქვეითებისათვის

ქალაქში ფეხით მოსიარულეებისთვის შექმნილი მძიმე მდგომარეობა ყველასთვის ცნობილია. მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც წესით ამ ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს, თუმცა არასაკმარისად ცოტას, ან საერთოდ არაფერს აკეთებენ ამის გამოსასწორებლად. ადამიანის საჭიროებებზე მორგებულ ქალაქსა და მის სოციო-ეკონომიკურ სარგებლიანობაზე ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ისედაც ნათელია, რომ თბილისი ძალიან შორსაა ამისგან. იმისთვის, რომ ეს მიიღწეს, აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ნება გამოხატული თანმიმდევრულად გაწერილ სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ქალაქი უნდა მიჰყვეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი სამოქმედო გეგმა დაგროვდა, თუმცა მათგან რომელიმე რომ შესრულებულიყო, ამას უკვე ვიგრძნობდით ქალაქში.

ამ გეგმის გარდა, აუცილებელია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს (თუნდაც, თბილისის მუნიციპალიტეტი და შსს) შორის არსებობდეს ურთიერთანამშრომლობა, რომელიც მაგალითად, შეეცდებოდა თბილისის ქუჩებში ქვეითთა უსაფრთხოების დაცვას და ინფრასტრუქტურის მორგებას სწორედ მათ საჭიროებაზე. ჩვენ კი, ამის საპირისპიროდ ვხედავთ, როგორ აჩერებს ზებრა გადასასვლელზე პოლიციელი ქვეითთა ნაკადს, რომ იქ რამდენიმე ერთეულმა მანქანამ გაიაროს შეუფრეხებლად (მაგალითად, ჭოველიძის ქუჩის ასახვევი, პიკის საათებში). ამ დამოკიდებულებით, კარგად ჩანს, თუ რაოდენ დაბალ საფეხურზეა დაყენებული ამ ქალაქში ფეხით მოსიარულეთა უფლებები და საჭიროებები. 
ამ სფეროში სწორი პოლიტიკის დასახვისთვის, აუცილებელია პირველ რიგში სიტუაციის სწორი ანალიზი, ეს კი სტატისტიკისა და სივრცული მონაცემების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. სამწუხაროდ, ქართული პოლიციის კომპეტენცია ამ საკითხში თითქმის არარსებულია. შესაბამისად, ვეცადეთ, ჩვენ მაინც გაგვეკეთებინა თბილისში ქვეითების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების საბაზისო ანალიზი. 
2018 წლის 23 მარტს, შსს-ს ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია თბილისში 2013-2018 წლებში მომხდარი იმ ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობდა ფეხით მოსიარულე, მათი კონკრეტული ლოკაციის, რაოდენობისა და გამომწვევი მიზეზების მიხედვით. მოთხოვნაზე პასუხი მივიღეთ სამი კვირის შემდეგ, 16 აპრილს, PDF ფორმატში (რიცხობრივი მონაცემების მიწოდების ძალიან ცუდი ფორმატი). როგორც მოველოდით, ინფორმაცია იყო არასრული სახით და ხშირ შემთხვევებში იმდენად მცირე იყო აღწერილი შემთხვევების რაოდენობა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საპატრულო პოლიციის კომპეტენცია და შესაძლებლობები ამ მხრივ ძალიან შეზღუდულია, ეს კი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. უფრო კონკრეტულად მოწოდებული ინფორმაციის ტიპის, ხასიათისა და საბაზისო ანალიზის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. 
მხოლოდ 15 (თხუთმეტი) ქუჩა!
მოწოდებული ინფორმაცია აერთიანებს რაოდენობრივ მონაცემებს თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებში შემავალი მხოლოდ 15 (!) გზისა თუ ქუჩის მიხედვით, 2013-2018 წლის (იანვრის) მდომარეობით. სტატისტიკა არ მოიცავს ინფორმაციას შემთხვევის კონკრეტული ლოკაციისა და გამომწვევი მიზეზის შესახებ (ეს უკანასკნელი მხოლოდ გაერთანებული სახითაა წარმოდგენილი). შესაბამისად, თუკი ვსაუბრობთ, რომ მაგალითად კახეთის გზატკეცილზე 2015 წელს დაფიქსირდა 127 ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეითთა მონაწილეობით, არ ვიცით კონკრეტულად ამ გზატკეცილის რა მონაკვეთზე მოხდა თითოეული მათგანი (ისანი-სამგორის მიდამოებში, რომელიც უფრო მჭიდროდ დასახლებული ადგილებია, თუ ლილოში). აქედან გამომდინარე, ვერ გავიგებთ მათ სივრცით მახასიათებელს და შესაბამისად, ვერც იმას, სად უნდა გაკეთდეს უსაფრთხო გადასასვლელი, შეიზღუდოს სიჩქარე თუ ა.შ. ე.წ. „შავი წერტილების“ ანალიზი სწორედ ამას მოიცავს, რომლის მიხედვითაც, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურმა უნდა დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, ვეცადეთ მაქსიმალურად გაგვეანალიზებინა ის მწირი და ზედაპირული მონაცემები, რომელიც მივიღეთ. 
ავტოსაგზაო შემთხვევების საშუალო წლიური ზრდა (%) ფეხით მოსიარულის მონაწილეობით

ავტოსაგზაო შემთხვევა ფეხით მოსიარულის მონაწილეობით (2013-2017 წწ)

როგორც მოცემულ რუკებზე ჩანს, ყველაზე პრობლემატურად კახეთის გზატკეცილი, აღმაშენებლის ხეივანი და მდინარე მტკვრის სანაპიროებია, სადაც 2013-2017 წლებში 500-600 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ქვეითთა მონაწილეობით. რაც შეეხება ამ შემთხვევათა ყოველწლიურ საშუალო ზრდას, მტკვრის სანაპიროებზე დადებითი ტენდენცია შეინიშნება და კლებულობს, ასევე აღსანიშნავია ქეთევან წამებულის გამზირი, სადაც ყველაზე მეტად მცირდება ავტოსაგზაო შემთხვევები ყოველწლიურად (-24.9%). ასევე კლება ფიქსირდება დავით აღმაშენებლის გამზირსა (-5.6%) და ცოტნე დადიანის ქუჩაზე (-3.1%). ზრდა აღინიშნება აკაკი წერეთლის გამზირზე, ბელიაშვილის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის გამზირზე, კახეთის გზატკეცილზე, აღმაშენებლის ხეივანზე, გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირებზე. 
ანალიზში, მონაცემების არ არსებობის გამო, არ შედის ისეთი მთავარი არტერიები, როგორებიცაა რუსთაველი, ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, გამსახურდიასა და ყაზბეგის გამზირები, თამარაშვილის ქუჩა, გორგასლის ქუჩა. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ქალაქის სატრანსპორტო ნაკადების მნიშნველოვანი ნაწილი იყრის თავს დღის განმავლობაში და თუკი საპატრულო პოლიციაში მათზე მონაცემები არ არსებობს, ეს ფაქტი უკვე მიუთითებს თუ რამდენად ეფექტურად იცავს იგი ქვეითთა უსაფრთხოებას. 
თავის მხრივ, გაგვიჭირდება ავხსნათ მოცემულ ქუჩებსა თუ გამზირებზე რა გარემოებების გამო იცვლება ტენდენციები, იქნება ეს შუქნიშნების დამონტაჟება, უსაფრთხო ქუჩის დონის გადასასვლელების მოწყობა, სიჩქარის შეზღუდვაზე კონტროლის გამკაცრება თუ სხვა. სამომავლოდ შესაძლებელია იწარმოოს დაკვირვევები ამ ადგილებზე, გარკვეული მახასიათებლების გამოსავლენად.

მიზეზები 
მიუხედავად იმისა, რომ არ მოგვითხოვია, ფეხით მოსიარულეთა მონაწილე შემთხვევების გარდა, მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე ასახულია 2013-2017 წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალის ფარგლებში დაფიქსირებული სხვა შემთხვევების გამოწვევის მიზეზები და მათი საერთო რაოდენობა, თუმცა კონკრეტული ლოკაციისა თუ ქუჩის მითითების გარეშე. 
ამ მხრივ, ასევე ბუნდოვანია საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალის საზღვრები რა ტერიტორიებს მოიცავს. როგორც გავარკვიეთ, ეს შსს მინისტრის ბრძანების საფუძველზე დგინდება, თუმცა კონკრეტულად რა სამოქმედო ტერიტორია აქვს განსაზღვრული თბილისის საპატრულო პოლიციას და ემთხვევა თუ არა იგი ადმინისტრაციულ საზღვრებს, ჩვენთვის გაურკვეველია. 
მიზეზებს რაც შეეხება, აქ აღმოვაჩინეთ ძალზედ საინტერესო ტენდენცია. კერძოდ, რამდენიმე გამომწვევი მიზეზის რიცხვი 2017 წელს იმდენად შემცირებულია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომ იძლევა მსჯელობის საფუძველს ორი მიმართულებით: 1) შსს-ს ინიციატივით კანონმდებლობაში გატარებულმა ცვლილებებმა ძალიან დადებითი შედეგები მოიტანა; 2) შსს-ს მიერ მონაცემების შეგროვება არაკვალიფიციურად/არასწორი მეთოდებით ხდება. 
2017 წელს, წინა წელთან შედარებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები: 
1) 39%-ით არის შემცირებული ნასვამი/მთვრალი მძღოლის გამო (2016 - 44; 2017 - 27); 
2) 88%-ით არის შემცირებული სიჩქარის გადაჭარბების გამო (2016 - 1 123; 2017 - 138); 
3) 87.5%-ით არის შემცირებული საგზაო ნიშნის უგულვებელყოფის გამო (2016 - 40; 2017-5); 
4) 77.5%-ით არის შემცირებული მანევრირების წესების დარღვევის გამო (2016 - 874; 2017 - 197); 
5) 95%-ით არის შემცირებული გავლის უპირატესობის წესის დარღვევის გამო (2016 - 21; 2017 - 1); 
6) 100%-ით არის შემცირებული გავლის რიგითობის/გზაჯვარედინის წესის დარღვევის გამო (2016 - 234; 2017 - 0); 
7) 90.5%-ით არის შემცირებული დისტანციის დაუცველობის გამო (2016 - 191; 2017 - 18);
8) 253%-ით არის გაზრდილი დაუდგენელი მიზეზების გამო (2016 - 716; 2017 - 2 253);
და რაც ყველაზე მთავარია, 2014 წლის შემდეგ, საპატრულო პოლიციას თბილისში არ დაუფიქსირებია ქვეითთა გადასასვლელზე მოძრაობის წესების დარღვევის არცერთი ფაქტი (2014 წელს დაფიქსირდა მხოლოდ 1, მის წინა წელს კი 2 შემთხვევა), მიუხედავად იმისა, რომ მსგავს შემთხვევებს ქალაქში ყოველდღე გავლისას რამდენჯერმე ვაწყდებით. 
ამასთან აღსანიშნავია, რომ შსს-ის ცნობით იგი 8 თვეა რაც საპილოტე პროექტის ფარგლებში ახორციელებს უფრო დეტალურ ანალიზს და მონაცემების შეგროვებას, თუმცა ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს იმ მიზეზით, რომ ჯერ კიდევ საცდელ რეჟიმში მოქმედებენ.

დასკვნა 
თბილისის ქუჩებში ქვეითთა უსაფრთხოება რომ მინიმალურადაც კი არ არის დაცული, ეს უკვე ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ისეთი თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ფეხით მოსიარულეს დააყენებს იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე და ამ გადმოსახედიდან მოხდება ქალაქში ინფრასტრუქტურისა თუ მიწის გამოყენების საკითხების დადგეგმვა და დაგეგმარება. სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად კი აუცილებელია საბაზისო სიტუაციის ანალიზი, რომელიც როგორც გამოჩნდა, შსს-ს თითქმის არ შეუძლია, რადგან ვერ ხერხდება ზუსტი მონაცემების შეგროვება და მით უმეტეს, ანალიზი. ხოლო ამ პირობებში, რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა არსებობდეს სახელისუფლებო შტოებსა თუ დონეებს შორის, ასეთი სასიცოხცლო მნიშვნელობის მონაცემებისა და ინფორმაციის არქონის გათვალისწინებით, შეუძლებელია რაიმე სახის კონკრეტულ ნაბიჯებსა და მით უმეტეს ქმედითი, გრძელვადიანი პოლიტიკის გატარებაზე ვისაუბროთ. ეს კი, კვლავ მოქალაქეების [სიცოცხლის] უსაფრთხოებაზე აისახება, რომლის დაუცველობის შემთხვევაშიც, სიცოცხლით სავსე ქალაქზე ლაპარაკი, უბრალოდ მათი დაცინვაა.

 

 

 

 

 

ავტორი - გიორგი კანკია