ქვეითები, მძღოლები და რას ამბობს კანონი

 

არავისთვის უცხო არ არის, რომ თბილისში უამრავი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს. დროსთან ერთად ვითარება კიდევ უფრო მეტად მძიმდება, რაც თუნდაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ქალაქში არსებული დაუსრულებელი საცობებით გამოიხატება. სულ უფრო დგება საჭიროება გატარდეს კონკრეტული ღონისძიებები ან/და მიღებული იქნას ახალი რეგულაციები, რაც განმუხტავს ქალაქში არსებულ მდგომარეობას. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფეხით სიარულის პოპულარიზება და ქვეითთა ინფორმირება მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. სამწუხაროდ მუდმივი საცობებით „განერვიულებული“ მძღოლები მეტწილად უგულვებელყოფენ ქვეითებს და ქმნიან შესაძლო მძიმე შედეგების მომტან ვითარებებს. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია სიტუაცია, როდესაც ქვეითთა გადასასვლელთან მწვანე შუქზეც კი ქუჩაზე გადასვლისგან თავს ვიკავებთ სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ნამდვილად ყველა მანქანა ჩერდება. ამ დროს, მანქანა შეიძლება ქვეითთა გადასასვლელზე გაჩერდეს და გადაკეტოს გადასასვლელი. ქვეითი ამ დროს მაინც „კმაყოფილია“ რადგან გადაურჩა „ავარიას“ და აღარაფრად მიაჩნია მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.

ამ მხრივ სისტემური მიდგომები და ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო, რომ საქართველოში საგზაო მოძრაობის თითოეულმა მონაწილემ ისეთივე შეგნებით დაიცვას მოძრაობის წესები და პატივი სცეს ერთმანეთის უფლებებს, როგორც ეს ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში:

მიმოვიხილოთ საგზაო მოძრაობის წესების რეგულირების ზოგიერთი საკითხი საქართველოში. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად საგზაო მოძრაობის მონაწილე, არის პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი. ამავე კანონის შესაბამისად, ქვეითი არის პირი, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს.       ქვეითთა გადასასვლელი კი არის სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ვეითის გზაზე გადასასვლელად.

საგზაო მოძრაობის თითოეულ მონაწილეს, როგორც ზემოთ ითქვა, აკისრია გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საგზაო მოძრაობის დროს გამოწვეულმა არასწორმა ქმედებამ გარდა მატერიალური ზიანისა, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობაც კი. უნდა აღინიშნოს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი პირდაპირ ავალდებულებს მძღოლს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს ქვეითის მიმართ. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს.

მძღოლების საყურადღებოდ კანონი პირდაპირ ამბობს:

1. გზაზე მოძრაობისას მძღოლმა არ უნდა განახორციელოს ქვეითთათვის საფრთხის შემქმნელი მოქმედება;

2. თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ, ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს;

3. თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება, არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები;

4. მძღოლი არ უნდა შევიდეს ქვეითთა გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ ის იძულებული არ გახდება, გაჩერდეს მასზე;

5. წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია.

ქვეითების უფლება/ვალდებულებები:

თავის მხრივ ქვეითმა გადაადგილებისათვის არ უნდა ისარგებლოს გზის სავალი ნაწილით. გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას მან უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ქვეითმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთოს ქვეითთა გადასას­­ვლე­ლზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებზე. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა აკრძალულია ქვეითთა ბილიკზე და ტროტუარზე. ასევე აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს, ასევე იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩაირთვება შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალი, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა.

მნიშნელოვანია საგზაო მოძრაობის თითოეულმა მონაწილემ გაიაზროს, რომ ერთი შეხედვით სრულიად უმტკივნეულო ვითარებაში ზედმეტი თვითდაჯერებულობის ან/და სხვა მიზეზის გამო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ შეიძლება უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს, როგორც სხვის, ასევე საკუთარი თავის მიმართაც. ამიტომ, აუცილებელია თითოეული პირი ზუსტად და ადექვატურად აცნობიერებდეს საკუთარი ქმედებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებს.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე მოქმედი კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობის კონკრეტულ ზომებსაც. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში მძღოლის დაჯარიმების შესაძლებლობას. აღნიშნული კოდექსის შესაბამისად: 

- მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის შემთხვევაში, რომელიც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

- ამასთან, ამ ტიპის სამართალდარღვევა, რომელიც შექმნის საავარიო ვითარებას ან მოძრაობის შეფერხებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საცობის შექმნას - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

- ხოლო თუ ამ ტიპის სამართალდარღვევას შედეგად მოყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

- ტრანსპორტის უსაფრთხოების მოძრაობის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც. კერძოდ, თუ ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესების დარღვევა გამოიწვევს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, მაშინ დამრღვევი პირის ქმედება კვალიფიცირდება „დანაშაულად“ და მის მიმართ შედეგების სიმძიმის მიხედვით გამოყენებული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რომელიმე შემდეგი ზომა - ჯარიმა, თავისუფლების შეზღუდვა ან/და თავისუფლების აღკვეთა.

მარიკა არევაძე 

იურისტი