ქვეითებო, ფრთხილად, ღeep მოდის!

თბილისში გადაადგილება ტრანსპორტის ყველა სახეობით რომ თითქმის შეუძლებელი გახდა, ამ ქალაქში მაცხოვრებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად მოგვეხსენება. ქვეითებისთვის წართმეული ტროტუარების, საჯარო სივრცეების და მათი მანქანებისთვის ექსკლუზიურად გადაცემის პირობებშიც კი, მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, ჩემთვის ფეხით სიარული მაინც ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება (თუ არ ჩავთვლით მანქანების კაპოტებზე ძრომიალს, როცა გარემოება ამას მოითხოვს). მაგრამ ტროტუარზე ფეხით სიარულიც კი, რაც წესით ყველა ნორმალურ ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ურბანულ აქტივობად ითვლება, თბილისში დღეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადენს (პარადოქსების ქალაქია, ვერაფერს იტყვი).

2016 წლის 28 აპრილს, მე, ქვეითი და ფეხითმოსიარულეთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წევრი (oh, the irony) შუქნიშანს ველოდებოდი, რომ გზა გადამეკვეთა. ამ დროს ზებრა გადასასვლელის მხრიდან მომადგა ერთი ღeepიანი ქართველი, რომელიც ტროტუარზე მანქანის დაყენებას აპირებდა და ამისთვის მთხოვდა, ჩემი სივრციდან - ტროტუარიდან გავწეულიყავი! თხოვნაზე რა თქმა უნდა ჩემგან უარი მიიღო და ასევე შეთავაზება - მანქანა სხვაგან გაეჩერებინა, რადგან ტროტუარი პარკინგი არ არის. ჩემს პასუხზე გაბრაზებულმა ღeepიანმა დაქოქა მანქანა და ჩემკენ წამოვიდა და სრულიად შეგნებულად დამეჯახა! ტროტუარზე! ქვეითს! მანქანა შეგნებულად შემეჯახა! თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სიტუაციის გააზრება და სათანადო რეაგირება ვერც მოვასწარი. საბედნიეროდ წონასწორობის შენარჩუნება შევძელი, მანქანის კაპოტზე ჩაბღაუჭებით მოვახერხე არ წავქცეულიყავი და უვნებელად გამოვეცალე ღeep-ს. როგორც აღმოჩნდა, მძღოლს თურმე 2 მეტრში მდგომ ჩასარიცხ აპარატთან ჰქონდა „გადაუდებელი საქმე“ და რადგან ფეხით 50 მეტრის გავლა დაეზარა, მზად იყო მანქანის გასაჩერებლად ქვეითისთვისაც კი გადაევლო. სასწრაფოდ გამოვიძახე პოლიცია, თუმცა სანამ ეკიპაჟი გამოჩნდა, ჩვენი „ვაჟკაცი“ ადგილიდან მიიმალა. თუმცა მისი მონაწილეობა სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მომეთხოვა.

ერთადერთი რაც ამ შემთხვევიდან, შესაძლოა მძღოლის საქციელზე უფრო საგანგაშოდაც კი მეჩვენა, გამვლელთა ინდიფერენტული დამოკიდებულება იყო. ისე იქცეოდნენ, თითქოს პიროვნული დაპირისპირება მომივიდა მანქანის მფლობელთან. მაგალალითად გოგომ, რომელიც ჩემ გვერდით იდგა და გზაზე გადასვლას აპირებდა, სრულიად უაპელაციოდ დაუთმო სივრცე მანქანას და მართალია შეჯახებასაც შეესწრო, მაინც დაუფიქრებლად განაგრძო სვლა. შესაძლოა ძალიან ეჩქარებოდა, ან დაიბნა და ვერ მოიფიქრა, რა უნდა მოემოქმედებინა მსგავს შემთხვევაში, მაგრამ სწორედ ამან დამაფიქრა პრობლემის მასშტაბზე.

ჰოდა, სამომავლოდ რომ გავითვალისწინოთ, ასეთი შემთხვევების დროს ისე კი არ უნდა მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა, რადგან ეს პირადად თქვენ არ შეგემთხვათ. პირიქით, ზუსტადაც რომ ეს ყველა ჩვენგანს ეხება, ერთნაირად, ერთიანად, ერთდროულად - ჩვენს საჯარო სივრცეში. როცა საქმე ადამიანის ჯამრთელობის შეგნებულ ხელყოფას ეხება, იქ თვალის დახუჭვა თანამონაწილეობის ტოლია, რადგან ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში, თქვენს სიცოცხლესაც ყოველ დღე საფრთხე ემუქრება! თუ ასეთ შემთხვევას შეესწარით, აუცილებლად დაელოდეთ პატრულის მოსვლას, ან დაზარალებულს საკონტაქტო ინფორმაცია მაინც დავუტოვეთ, რომ მან თქვენი დახმარებით გაამყაროს თავისი არგუმენტები, დამნაშავე კი სათანადოდ დაისაჯოს.

მანქანებმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოგვიცხადეს ფეხითმოსიარულეებს, რაზეც პასუხი აუცილებლად უნდა აგონ. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება, ჩემი და თქვენი უფლებების დასაცავად - საქმე აღძრულია და იმედია, ამ მძღოლს მეორედ აზრადაც არ მოუვა, ტროტუარზე მანქანა დააყენოს, რა „გადაუდებელი“ საქმეც არ უნდა ჰქონდეს. არათუ მსგავსი მიზეზით ქვეითის „აკაპოტება“, ჩვენ - მოქალაქეებმა აღარ უნდა მივიღოთ ისეთი არგუმენტები როგორიცაა, „აბა სად გავაჩერო" და "მეჩქარება", როდესაც საქმე ჩვენს სივრცეს ეხება. ცნობისთვის, ჩვენი ღeepიანი ზუსტად იმ ქუჩაზე, შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს ცხოვრობს და ეტყობა „საქმეზე“ ფეხით ჩამოსვლა უბრალოდ დაეზარა.

ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს, თუ რა ზომებს მიიღებს პოლიცია და შესაბამისად ვიმოქმედებთ, რომ მსგავსი საფრთხის და ზიანის მომტანი არსებები, სამაგალითოდ დაისაჯონ. ადამიანის წოდება მათთვის პატივია. გამოძიების განვითარებას გაცნობებთ ამავე ბლოგის გაგრძელებით. ჯერ-ჯერობით კი გაიცანით ზომიერად ფერხორციანი ღeepიანის მანქანა, a.k.a ლეტალური იარაღი.

განახლება (11/05/2016):

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:

“ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.

როგორც განმიცხადეს, ჯარიმამ შესაძლოა მხოლოდ 250 ლარი შეადგინოს, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია რა სასჯელი შეეფარდება მძღოლს, რომელსაც პოლიციაში დაბარების უწყებაც გაეგზავნა, თუმცა არ გამოცხადდა! მისი მანქანა გადაცემულია დაკავებაზე და გადაიყვანენ საჯარიმო ავტოსადგომზე.

 

 

ავტორი: გიორგი კანკია