წარწერები თბილისის ქუჩებში (ნაწილი 1)

თბილისის ქუჩებში კედლებზე წარწერები დიდი ხანია არსებობს. სხვადასხვა ტიპის წარწერებს შეიძლება შეხვდე. ზოგი სპიეცლაურად მომზადებული მესიჯებია, რომელიც საზოგადოების ფართო სეგმენტზეა გათვლილი, ზოგი პირადია და კონკრეტული ადრესატისთვისაა. ასევე გვხვდება  კონცეპტუალური წარწერებიც... კედლებზე დაწერილ სიტყვებში და წინადადებებში საზოგადოების წევრების მრავალფეროვანი ინტერესები ჩანს.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ სტატია ეხება ისეთ წარწერებს, რომელიც არაფრის რეკლამირებას ან ორგანიზებულ პროპაგანდას არ წარმოადგენს. არის სტენსილები და წარწერები, რომლებიც გარკვეული ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი და ორგანიზებულად კეთდება ქალაქში. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რაიმე ორგანიზაციის რეკლამების ან ლოზუნგების შესახებ აქ არ იქნება საუბარი, მხოლოდ დამოუკიდებელი მოქალაქეების პირადი ინიციატივით გაკეთებულ წარწერებზე დავწერ.

 

1. ნინი + გიო = <3

ბავშვობიდან მახსოვს რომ, 1990-იანი წლებიდან ტოვებდნენ კვალს ბავშვები და დიდები უბანში. საძმაკაცოს/სადაქალოს მეტსახელები, სასიყვარულო წარწერები დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი ფორმაა კედლის წარწერებიდან.

„Likuna, I’m sorry“ ასეთი პირადი წარწერა არის ძალიან ბევრ ადგილას  თბილისში. ალბათ ყველას მოუკრავს თვალი ამ თხოვნისთვის, ბევრს აინტერესებს აპატია თუ არა ლიკუნამ... ზოგ სტენსილს მინაწერიც კი აქვს: „ლიკუნა, აპატიე!“ კედლის წარწერები საზოგადოებასთან ან მის რომელიმე კონკრეტულ წევრთან კომუნიკაციის საშუალებაა. ამ შემთხვევაში პირადი მესიჯი ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

2.      „შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“

რამდენიმე წელია კედლებზე წერენ  ცნობილ გამონათქვამებს, საყვარელი მწერლების, პოეტების მუსიკოსების, საზოგადო მოღვაწეების სიტყვებს. ბევრი ავტორი გვხვდება: ბუკოვსკი, განდი, ოთარ ჭილაძე, ბობ დილანი, მიკ ჯაგერი, კარლო კაჭარავა... ეს წარწერები უფრო დიდი მნიშვნელობას იძენს ვიდრე კედლებზე საკუთარი სახელების ჩამონათვალი, ისინი საზოგადოებაში ვრცელდება როგორც მესიჯები, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ინფორმაცია.

საზოგადოებრივ სივრცეში ციტატები ქმნიან განწყობას და ადამიანს კარგ ან ცუდ ხასიათზე აყენებენ, რაღაც პრობლემაზე დააფიქრებენ... წარწერები შემთხვევით არ არის შერჩეული. ვინც მინაწერს, აკეთებს ის ან თავისი განწყობიდან გამომდინარე წერს რამეს, ან არსებული სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის პრობლემებიდან იღებს ინსპირაციას. ამ ტიპის წარწერების ავტორები უფრო ხშირად ცნობილები არიან ან ხელწერით ან რამე მეტსახელით. წარწერების რომანტიკული განწყობა ან სხვადასხვა მინიშნებები ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურ ასოციაციებს იწვევს და ამიტომაც ცალ-ცალკე არ განვიხილავ, უბრალოდ გაჩვენებთ ამ წარწერებს:

3. „დაანებე დედას თავი“

ქუჩის წარწერებში გავრცელებულია მოწოდებები და კრიტიკული მესიჯები. ერთ-ერთი ასეთი წარწერაა „დაანებე დედას თავი“, კიდევ არის „ჩემი დედას შევეშვი“, „თავისუფლება დედას“. ეს წარწერები ბოლო 20 წლის მანძილზე ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებულ ძალიან მწვავე პრობლემას ეხება, ალბათ ხვდებით რომელსაც. წარწერების ავტორები იუმორს და კრიტიკას ერთდროულად მიმართავენ და სახალისო მესიჯით უპირისპირდებიან აქტუალურ პრობლემას. 

უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ადგილებზე მეორდება წარწერები „რა დროს კულტურაა, გვშია!“ და „კულტურა გვშია!“. წინადადებები ახლო-ახლო არის ხოლმე განლაგებული, ისე რომ მათ შინაარსს ერთმანეთს უკავშირებს გამვლელი.  მიუხედავად იმისა რომ, წარწერები ძალიან უბრალოდ, გაკრული ხელით არის შესრულებული, ისინი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება და გამვლელსაც, რომელიც მას თვალს მოკრავს, სერიოზული ფიქრის ტალღაზე გადაიყვანს. ასევე სერიოზულ ტალღაზე გადაყავხარ ცალკეულ სიტყვებს: დემოკრატია, ლიბერალიზმი, გენდერული იდენტობა, რელიგია და თავისუფლება.

ამავე რიგის „კრიტიკულ“ წარწერებში შეგვიძლია გავიყვანოთ სრულიად პრაგმატული მინაწერები როგორიცაა „ნაგავს ნუ დაყრით“, „შესასვლელში მანქანას ნუ გააჩერებთ“, ნაგვის ურნაზე წარწერა „პური არ ჩაყაროთ, ცალკე დადეთ“ - ეს სიტყვები მოქალაქეობრივ წესრიგზე და თანაგრძნობაზე მიუთითებს გამვლელებს. სახელმწიფოში რაც კანონით ვერ გვარდება,  ავტორები ცდილობენ, რომ ქუჩის წარწერების საშუალებით მოაგვარონ. ასეთ წარწერებზე დაკვირვებით საზოგადოების უამრავ პრობლემას შეიძლება გაეცნოს ადამიანი.

***

შეგვიძლია შევაჯამოთ: კედლის წარწერებში ჩანს დღევანდელი საზოგადოების სახე. საზოგადოება მრავალფეროვანია და შესაბამისად წარწერებიც მოიცავს დიდ დიაპაზონს თვითდამკვიდრებიდან, საკუთარი სახელების საჯაროდ გამოქვეყნებიდან აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ კრიტიკამდე, კონცეპტუალურ აზროვნებამდე. ქუჩის წარწერებს შეუძლია დამიანს მისცეს გარკვეული მიმართულება, ნაპერწკალი, შეუძლია მოახდინოს ზემოქმედება ბევრი ადამიანის აზროვნებაზე. წარწერები საზოგადოებრივ სივრცეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დასკვნას ვერ დავწერ, რადგან საუბარი ჯერ არ დამისრულებია. ქუჩის წარწერების თემას ქუჩაში არტისტების წარწერების შესახებ ბლოგპოსტით გავაგრძელებ. 

ავტორი : მარიამ ლორია