• 17 Apr 18
  • Posted by admin
  • 0 Comments

არა ესტაკადას!

ხუთშაბათი, აპრილი 19, 2018

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პასუხი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეს, თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული პროექტი განხორციელება - მიუხედავად პროექტის წინააღმდეგ მერიაში შეტანილი პეტიციისა (2235 ხელმოწერით) და მიუხედავად სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების და ექსპერტების მიმართვისა. ჩვენ გვაქვს მყარი საფუძველი განვაცხადოთ, რომ მერიის ამ გადაწყვეტილების მიღმა არ დგას არც ერთი დასაბუთებული კვლევა. ქალაქ თბილისის მერი, როგორც წინა საარჩევნო კამპანიისას, ასევე თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ მტკიცედ უგულვებელყოფს სამოქალაქო საზოგადოების აზრს. სრულიად უპასუხოდ დარჩა ჩვენი მოთხოვნა შეხვედრაზე ხსენებულ სატრანსპორტო პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენისთვის. ამასთან, აღმაშფოთებელია კახა კალაძის განცხადება, რომელშიც იგი ქალაქ თბილისის მაცხოვრებლების მხოლოდ ერთი ჯგუფის - მძღოლების ინტერესებს ეხმაურება და მხოლოდ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნავს. არც ერთი სიტყვა ქვეითებზე და თუ რა საფრთხეებს შექმნის ხსენებული მშენებლობა მათი უსაფრთხოებისათვის. თბილისში ყოველწლიურად საშუალოდ 1000-ზე მეტი ქვეითი ზიანდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ხოლო 100-მდე იღუპება. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კახა კალაძის განცხადება, რომ იგი არ მოერიდება არათუ ხეების გადარგვას, არამედ მოჭრასაც კი მიგვანიშნებს ძირეულად არასწორი პოლიტიკის გატარებაზე. 19 აპრილს, ხუთშაბათს (18:30) კამპანია SOS იპოდრომი და ორგანიზაცია “იარე ფეხით” გეგმავს საპროტესტო აქციას მერიის შენობის წინ, კოსტავას ქუჩაზე. გთხოვთ ყველა ჩვენს მხარდამჭრს, ვინც იზიარებთ ჩვენს იდეას და ღირებულებებს შემოგვიერთდეთ. ერთად დავიცვათ თბილისის მწვანე სივრცეები და მოვითხოვოთ ადამიანზე და არა მანქანაზე ორიენტირებული ქალაქი.