• 28 Jun 16
  • Posted by admin

საგუშაგო

 ვაკის პარკში წარმოდგენილი საგუშაგო კოშკის მსგავს კონსტრუქციებს ხშირად ვხვდებით სოფელში არსებულ ბაღებსა და ყანებში. ათობით არქიტექტურა, რომელსაც იქაური მაცხოვრებლები „ვიშკას“ ეძახიან თან ჰგავს ერთმანეთს და თან განსხვავდება, როგორც ზომით ისე ფორმითა და მასალით. მათი პრაქტიკული დანიშნულება სივრცის გაკონტროლება და მისი დაცვაა. დროთა განმავლობაში ამ სტრატეგიულმა ობიექტმა დაკარგა თავისი შინაარსი და არქიტექტურული მნიშვნელობა შეიძინა. დღეს საგუშაგო საქართველოსთვის კვლავ რჩება მნიშნელოვან ნაგებობად და რაც ყველაზე სამწუხაროა, არც შიდა პრობლემების მოსაგვარებლადაა ურიგო. დღითიდღე ვხედავთ როგორ იჩეხება, იპარება უამრავი ხე და მთლიანად სარეკრეაციო ზონა სხვადასხვა ინვესტორების თუ რიგითი ადამიანების მიერ. შემოთავაზებული ნამუშევარი მოიაზრება მწვანე სივრცის დაცვის სიმბოლოდ. არსებულ არქიტექტურულ გამოცდილებას, განსხვავებულმა სივრცემ და კონტექსტმა ახალი დატვირთვა შესძინა, ობიექტი წარმოადგენს როგორც ჰაერში გამოკიდებულ პატარა გალერეას, ასევე ოთახს საიდანაც შესაძლებელია პერიმეტრის დაცვა.